ხემცენარეთა გვარ Celtis -ის ქართული სამეცნიერო სახელების დაზუსტების აუცილებლობა
საკვანძო სიტყვები:
ქართული სამეცნიერო სახელი, აკაკი, ბრინჯი, აკაკის ხე, ბრინჯაოს ხეანოტაცია
მცენარეთა კონკრეტულ გვარებს, სახეობებს საკუთარი მკაფიო სამეცნიერო სახელი უნდა მოეპოვებოდეს. მეტი სიზუსტისათვის აუცილებელია შეიცვალოს ხემცენარეთა გვარ Celtis-ის დღეს მიღებული შემდეგი ქართული სამეცნიერო სახელები: აკაკი (მაყაშვილი 1961; საქ. ფლ. 1975), ბრინჯის ხე (ჩუბინაშვილი 1961). მიზეზები: 1. აკაკი არის ხემცენარის ნაყოფის სახელი; 2. არაერთ ლექსიკონში აკაკი ორი სრულიად სხვადასხვა მცენარის სახელად დასტურდება, შდრ.: Celtis caucasica Willd. /Celtis australis L. (=აკაკი, Каркас) და Artocarpus incise L. (=პურის ხე, хлебное де рево, хлебное растение) (ერისთავი 1884; ჩუბინაშვილი 1985); 3. აკაკი ადამიანის საკუთარი სახელიცაა, რაც ერთგვარ ბუნდოვანებას იწვევს; 4. რ. ერისთავისა (1884) და დ. ჩუბინაშვილის (1985) ლექსიკონებში დენდრონიმი ბრინჯის ხე სხვა ხემცენარეს (პურის ხე Artocarpus incise) აღნიშნავს; 5. ბრინჯის ხის პირველი კომპონენტი სხვა მცენარის, ბრინჯის (Oryza sativa ), ომონიმია. პრობლემის გადაჭრისას საყურადღებო აღმოჩნდა ძველ ქართულში რიგი სინონიმებისა და ომონიმების დადასტურება, მათი ურთიერთკავშირის ახსნა. კერძოდ: ა) საბას „სიტყვის კონაში“ სახელი ბრინჯი სამ სხვადასხვა საგანს აღნიშნავს, ესენია: ლითონი, მარცვლოვანი მცენარე, ხემცენარე (შდრ.: „ბრინჯი 1. ბრინჯაო; 2. (ბალ.) მარცვალი თეთრი; 3. (ხე) აკაკის ხე“ (საბა 1991); ბ) ამავე ლექსიკონში ბრინჯი და ბრინჯაო სინონიმებია და აღნიშნავს ლითონს, რომელიც სპილენძისა და თუთიის შენადნობია (დღევანდელი „თითბერი“); გ) ბრინჯი („მარცვლეული“) და ბრინჯი („ლითონი“) ძველ ქართულში სხვადასხვა წარმომავლობისა და დროის ნასესხობები ჩანს; დ) ლითონის აღმნიშვნელი სახელი ბრინჯაო ქართულში გვიან დამკვიდრებული ფორმა უნდა იყოს მარცვლოვანი მცენარის (Oryza sativa) სახელთან ომონიმიის დასაძლევად. რაკი ძველ ქართულში სახელი ბრინჯი აღნიშნავდა მარცვლოვან კულტურასაც და ლითონსაც, ვვარაუდობთ, რომ დენდრონიმები ხე ბრინჯისა (მოქც., 2015), ბრინჯი (საბა), ბრინჯის ხე (ჩუბინაშვილი 1961) იგივე „ბრინჯაოს ხეა“, რომლის მოტივაცია, თავის მხრივ, უნდა უკავშირდებოდეს ხემცენარის მერქნის გარკვეული ნიშან-თვისებების მსგავსებას ლითონ ბრინჯაოს („თითბერი") ნიშან-თვისებებთან (მერქნის სიმტკიცე და ფერი). ლინგვისტური ანალიზის, ბოტანიკური და ლექსიკოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, ხემცენარეთა აღნიშნული გვარისათვის მკაფიო სამეცნიერო სახელის დასამკვიდრებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: აკაკი > 1. აკაკის ხე Celtis; 2. ბრინჯი, ბრინჯის ხე > ბრინჯაოს ხე Celtis.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ჟურნალი სარგებლობს პირველი, ექსკლუზიური გამოქვეყნების უფლებით, საავტორო უფლებების მიღების გარეშე.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .



